ვიქტორ სანეევი სიდნეიში დაკრძალეს

ემოციური კადრები ავსტრალიიდან და სხვა კონტინენტზე აჟღერებული სიმღერა „საქართველოო ლამაზო“.

ქალაქ სიდნეიში დღეს ცნობილი ქართველი სპორტსმენი, ვიქტორ სანეევი დაკრძალეს. სამგლოვიარო ცერემონია საზერლენდში, ოლსენის სამლოცველოში გაიმართა, საიდანაც სამგზის ოლიმპიური და ევროპის არაერთგზის ჩემპიონი და მსოფლიოს სამგზის რეკორდსმენი უკანასკნელ გზაზე გააცილეს. საქართველოს მიერ მე-20 საუკუნის საუკეთესო სპორტსმენად აღიარებული მძლეოსანი ბოლო 29 წლის განმავლობაში ავსტრალიაში ცხოვრობდა. თბილისის საპატიო მოქალაქე და არაერთი ჯილდოს მფლობელი მთელ მსოფლიოში ერთადერთი მძლეოსანი იყო, რომელსაც სამხტომში სამი ოლიმპიური ოქრო აქვს მიღებული. ყველაფერი სოხუმის სკოლა „განთიადში“ ვარჯიშით დაიწყო – მრავალწლიან სპორტულ კარიერაში იყო „არაერთი შეჯიბრება და საერთაშორისო აღიარება, დაივიწყე გუშინდელი შედეგი, გადადე გვერდზე აღებული მედალი და დღესვე შეუდექი ხვალინდელი შეჯიბრისთვის მზადებას,“ – ამ დევიზით ცხოვრობდა ლეგენდარული სპორტსმენი და ამ თვისებას მიიჩნევდა წარმატების მთავარ ფორმულად.