ვინ უერთდება ზურაბიშვილის პლატფორმას

სალომე ზურაბიშვილისა და ოპოზიციის შეხვედრები მიმდინარე კვირაშიც გაგრძელდება. „ერთობის პლატფორმა მომავლისთვის“ – ამ გაერთიანების ქვეშ პრეზიდენტს რამდენიმე ოპოზიციონერი ლიდერი უკვე ესაუბრა. ხელისუფლების ოპონენტების ნაწილი ზურაბიშვილის მოწოდებას იზიარებს და ამბობს, რომ ახალი პლატფორმა ქვეყნის ევროპული მომავლისთვის მნიშვნელოვანია. მათი თქმით, შეხვედრების მიზანი არა პოლიტიკური გადაჯგუფება, არამედ კონკრეტული სამოქმედო დოკუმენტის შემუშავებაა.

ოპოზიციის მეორე ნაწილი კი, ზურაბიშვილის ინიციატივას სკეპტიკურად უყურებს. პარტია „საქართველოსთვის“ შეხვედრაზე მისვლას არ აპირებს. მმართველ გუნდს კი მიაჩნია, რომ ოპოზიციის გაერთიანების მცდელობა ფასადურია და მას პერსპექტივა არ აქვს. „ქართულ ოცნებაში“ არც პრეზიდენტის საპარლამენტო არჩევნებში ჩართვას გამორიცხავენ.