ვინ გახდება ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატი

საარჩევნო პროგრამების მომზადებასთან ერთად ოპოზიციას პრემიერობის და პრეზიდენტობის საკუთარი კანდიდატებიც ჰყავს შესარჩევი.

თანაგუნდელებს და დანარჩენ ოპოზიციურ ძალებს პრეზიდენტობის საერთო კანდიდატის დასახელებისკენ უკვე მოუწოდა ბოლო პერიოდში პოლიტიკურად გააქტიურებულმა მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შესაძლოა პრემიერობის კანდიდატად წარადგინოს. მოწოდება ექს-პრეზიდენტმა მაშინ გააკეთა, როცა ის მოქმედი პრეზიდენტის მიერ ერთობის ქარტიის შექმნაზე საპარლამენტო ტრიბუნასთან გაკეთებულ შეთავაზებას დადებითად აფასებდა. ამ თემაზე მოგვიანებით სააკაშვილის თანაგუნდელების მხრიდან გაკეთებულმა შეფასებებმა გააჩინა ეჭვი – ხომ არ მოიაზრებს ყოფილი პრეზიდენტი და მისი პარტია პრეზიდენტობის კანდიდატად სწორედ სალომე ზურაბიშვილს, რომლის მისამართით ოპოზიციური ძალების სიმპატიები ბოლო თვეებში სულ უფრო იზრდება და რომელმაც სააკაშვილის მმართველობის დროს მთავრობიდან ოპოზიციაში გადაინაცვლა.