ვიდეოკონფერენცია ევროკომისიის პრეზიდენტთან

ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი მაღალ შეფასებას აძლევს საქართველოს მთავრობის ნაბიჯებს „კოვიდ 19“-ის გლობალურ პანდემიასთან გამკლავებისა და ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკური და პოლიტიკური რეფორმების კუთხით, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა საქართველოს პრემიერთან გამართულ ვიდეოკონფერენციაზე განაცხადა.

პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, საუბარი შეეხო პანდემიასთან ბრძოლის კუთხით გატარებულ ღონისძიებებს და იმ ერთობლივ მოქმედებებს, რომელსაც ევროკავშირი და საქართველო ამ მიმართულებით ახორციელებენ. გიორგი გახარიამ ევროკავშირს საქართველოსთვის გაწეული მნიშვნელოვანი ფინანსური დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა. ევროკომისიის პრეზიდენტმა კი თქვა, რომ   ევროკომისია მზად არის, მომავალშიც განაგრძოს საქართველოს მხარდაჭერა, როგორც ექსპერტულ დონეზე, ასევე ფინანსური კუთხით.