ვეტოს მექანიზმი და გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის შესაძლო ცვლილება

შიდა ვნებათაღელვის და მწვავე საერთაშორისო გამოხმაურების მიუხედავად, მმართველი გუნდი ხვალ კანონპროექტის მესამე მოსმენით მიღებას გეგმავს.

ხვალინდელი სხდომის შემდეგ ერთადერთი პროცედურა რჩება – პრეზიდენტის მიერ დაანონსებული ვეტოს დაძლევა. უკვე ცნობილია, რომ სალომე ზურაბიშვილი მოტივირებული შენიშვნების წარდგენას არ აპირებს. შესაბამისად ჩნდება შეკითხვა – მოსალოდნელია თუ არა სადავო პროექტის კორექტირება, რისი ალბათობაც მმართველმა გუნდმა ჯერ კიდევ პრეზიდენტის გუშინდელ განცხადებამდე დაუშვა. „ქართული ოცნება“ მზად არის, რომ ვეტოს დაძლევის პროცედურის ფარგლებში დისკუსიის გზით პოზიციების შეჯერება მოხდეს და პროექტში გარკვეული შენიშვნები გაითვალისწინოს. მანამდე კი ხელისუფლება ოპონენტებისგან კონკრეტულ არგუმენტებს მოითხოვს. ოპოზიციისთვის, მესამე სექტორისა და კანონპროექტის ყველა მოწინააღმდეგისთვის პროექტის ნებისმიერი ფორმით სახეცვლილება საკმარისი არ არის. ერთადერთი მოთხოვნა ინიციატივის უპირობოდ უკან გაწვევაა.