4 ოქტომბრისთვის დაანონსებული საპროტესტო აქცია „მშვიდობიანი დამხობა“ აქციის საორგანიზაციო ჯგუფის ხუთივე წევრის დაკავებით დასრულდა.
პაატა ბურჭულაძეს, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძეს, პაატა მანჯგალაძესა და ლაშა ბერიძეს ბრალად ედებათ საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ ან სახელმწიფო დამხობისკენ მოწოდება. ასევე, ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა და მასში მონაწილეობა. დანაშაულები ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. დაკავებულები დიღმის იზოლატორში დღეს ადვოკატებმა მოინახულეს. გუშინ საღამოს სიტუაცია მას შემდეგ გამწვავდა, რაც ლიდერების მიერ რუსთაველის გამზირზე გაკეთებული მოწოდებების შემდეგ, აქციის მონაწილეთა ნაწილმა ათონელზე მდებარე პრეზიდენტის სასახლესთან გადაინაცვლა, ჯებირები დაანგრია და ეზოში შეიჭრა, თუმცა მალევე ისინი სამართალდამცველებმა ეზოდან წიწაკის სპრეის გამოყენებით გაიყვანეს. აქციის მონაწილეები ადგილზე მობილიზებულ სამართალდამცველებს ქვებს ესროდნენ, ასევე ცეცხლი წაუკიდეს სხვადასხვა საგნებს. აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. სამედიცინო დაწესებულებებში სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა აქციის ექვსი დაშავებული მონაწილე და 21 სამართალდამცველი გადაიყვანეს. დაშავებული პოლიციელები დღეს თავად შინაგან საქმეთა მინისტრმა მოინახულა. გუშინ განვითარებულ პროცესებს მწვავე შეფასებები მოყვა ხელისუფლების მხრიდან. მათი განცხადებით დანაშაულში მონაწილეები კანონის შესაბამისად უმკაცრესად დაისჯებიან.