სასამართლომ დამნაშავედ ცნო 4 ოქტომბერს განვითარებული ძალადობრივი პროცესების კიდევ შვიდი მონაწილე.
მოსამართლე გიორგი გელაშვილის გადაწყვეტილებით, ხუთ-ხუთ წლიანი პატიმრობა მიესაჯათ ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს და კიდევ ხუთ პირს, ია დარახველიძეს კი სამი წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. გიორგი ჩახუნაშვილი, რომელიც ამ დრომდე გირაოს სანაცვლოდ იყო გათავისუფლებული, სხდომათა დარბაზში დააკავეს, იმავე მიზეზით გათავისუფლებული ია დარახველიძის მიმართ კი საერთაშორისო ძებნა ცხადდება. პოზიცია დღეს შეცვალა კიდევ ერთმა ბრალდებულმა. ზაქრო ალბუთაშვილმა საპროცესო შეთანხმებაზე უარი თქვა და ელენე ხოშტარიას გათავისუფლების მოთხოვნით შიმშილობა დაიწყო. არცერთ დაკავებული ბრალს არ აღიარებს და საქმის პოლიტიკურ მოტივებზე მიუთითებს. დღეს გამოტანილმა განაჩენმა პოლიტიკური დისკუსია გაამწვავა ოპოზიციაში. ნიკა გვარამია პრეზიდენტის სასახლესთან განვითარებული პროცესების ორგანიზატორებსა და მხარდამჭერებს აკრიტიკებს და ვერ შემდგარ დამხობის გეგმას თავიდანვე განწირულ ავანტიურად აცხადებს.