თბილისის საქალაქო სასამართლოში, ათონელის სასახლესთან 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ბრალდებულების – პაატა ბურჭულაძის, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძის, პაატა მანჯგალაძის, ლაშა ბერიძის, ირაკლი შაიშმელაშვილისა და კიდევ ხუთი პირის საქმის განხილვა მიმდინარეობს. დღევანდელ პროცესს არ ესწრება პაატა ბურჭულაძე. სხდომაზე ბრალდების მხარის მტკიცებულებებს გამოიკვლევენ. კერძოდ, ბრალდების მხარე ხუთი მოწმის გამოკითხვას გეგმავს, რომელთა შორის ტრასოლოგები, დაზარალებული მოწმეები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების მონაწილე გამომძიებლები იქნებიან. პროკურორის ინფორმაციით, ექსპერტ ტრასოლოგის მიერ გაცემული, ორი ექსპერტიზის დასკვნა ადასტურებს, რომ ღობე ფიზიკური ძალის ზემოქმედებით დაზიანდა და რომ ღობეს გადაჭრის, კვალი არ ეტყობოდა. საპირისპიროდ, ადვოკატები ეჭვქვეშ არ აყენებენ იმას, რომ ღობე წინასწარ იყო მორყეული. მათივე თქმით, გამქრალია 112-ის მაღალი გარჩევადობის კამერების ჩანაწერები, სადაც გამოჩნდებოდა ღობის თავდაპირველი მდგომარეობა. მურთაზ ზოდელავას, პაატა ბურჭულაძეს და ირაკლი ნადირაძეს ბრალდება ედავება სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას ჯგუფურად. ასევე მათ ბრალი წარდგენილი აქვთ ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობაში, ასევე კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლასა და ხელისუფლების დამხობის მოწოდებაში.