ვერშემდგარი დამხობის საქმე - სასამართლო პროცესი

თბილისის საქალაქო სასამართლოში, ათონელის სასახლესთან 4 ოქტომბერს არშემდგარი დამხობის საქმეზე, დაკავებული პირების – პაატა ბურჭულაძის, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძის, პაატა მანჯგალაძის, ლაშა ბერიძის, ირაკლი შაიშმელაშვილისა და კიდევ 5 პირის – სასამართლო სხდომა გაიმართა. დღევანდელ პროცესზე, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები გამოიკვლიეს. დაიკითხნენ ბრალდების მხარის მოწმეები, მათ შორის მოწმე პოლიციელი- რომელიც ამ საქმეზე დაზარალებულია. მან ბრალდებულებს შორის ამოიცნო გური ჟვანია, რომელიც მასზე ძალადობდა და მისი თქმით, 15 პირთან ერთად წაქცეულს ურტყამდა.. დაცვის მხარის განცხადებით, დაზარალებული პოლიციელის მიერ მიცემული ჩვენება არათანმიმდევრულია. დღევანდელ სხდომაზე ასევე გამოიკვლიეს წერილობითი და ვიდეო მტკიცებულებები. აჩვენეს „112“-დან ამოღებული კადრები, თუ როგორ ვითარდებოდა მოვლენები, 4 ოქტომბერს ათონელის რეზიდენციასთან. შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო ბრალდება, დაკავებულ პირებს სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას და ხელმძღვანელობას, მოწოდება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ ედავება. აღნიშნული ბრალი 9-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.