ვერშემდგარი დამხობის საქმე - სასამართლო პროცესი

4 ოქტომბრის საქმეზე სასამართლო გრძელდება. დღეს პაატა ბურჭულაძის, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძის, პაატა მანჯგალაძის, ლაშა ბერიძის, ირაკლი შაიშმელაშვილის და კიდევ ხუთი პირის ეპიზოდზე იმსჯელეს. დაიკითხა ბრალდების სამი მოწმე. ერთ-ერთი იყო ექსპერტი რომელმაც ნივთის ღირებულება დაითვალა. შალვა კინწურაშვილის თქმით, დაზიანებულ მდგომარეობაში დაათვალიერა პრეზიდენტის სასახლის ღობე. მისი თქმით, ჯამში ზარალი არის რამდენიმე ათას ლარი. მისივე თქმით, დაზიანებული იყო ღობის სექციებიც. მოუსმინეს ასევე განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელს. მას კითხვები ბრალდებულებმაც დაუსვეს. დღესვე  დაიკითხა  სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელი, რომელიც 4 ოქტომბერს პრეზიდენტის სასახლეს იცავდა. გიორგი წეველიძის თქმით, სასახლეში შეჭრას მურთაზ ზოდელავა, პაატა ბურჭულაძე, და ირაკლი ნადირაძე ხელმძღვანელობდნენ. არცერთი ბრალდებული თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს. პროცესს კვლავ არ დასწრებია პაატა ბურჭულაძე. სახელმწიფო ბრალდება მათ, რამდენიმე მუხლით ჩადენილ დანაშაულს ედავება. მათ შორის არის საქვეყნოდ მოწოდება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ, ასევე – ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა.