ვერშემდგარი დამხობის საქმე - სასამართლო პროცესი

ათონელის სასახლესთან 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული პოლიტიკოსების – პაატა ბურჭულაძის, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძის, პაატა მანჯგალაძის, ლაშა ბერიძის, ირაკლი შაიშმელაშვილის და კიდევ ხუთი პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, სადაც ბრალდების მხარის მტკიცებულებებს იკვლევენ. დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარის მოწმეები იკითხებიან. მათ შორის ერთ-ერთი იყო ექსპერტი, რომელმაც ნივთის ღირებულება დაითვალა. შალვა კინწურაშვილის თქმით, პრეზიდენტის სასახლის ღობე დაზიანებულ მდგომარეობაში დაათვალიერა. მისი თქმით, ჯამში ზარალი არის 9 300 ლარის ოდენობის. მისივე თქმით, დაზიანებული იყო ღობის სექციები, რომლებიც იყო დეფორმირებული. შედუღების ადგილი იყო გადატეხილი. სხდომაზე ასევე დაიკითხა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელი. დაცვის სამსახურის თანამშრომელის თქმით, რეზიდენციაში შეჭრის მცდელობის ორგანიზებას პაატა ბურჭულაძე, ირაკლი ნადირაძე და მურთაზ ზოდელავა უწევდნენ. არცერთი ბრალდებული თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს. პროცესს არ ესწრება პაატა ბურჭულაძე. შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო ბრალდება მათ რამდენიმე მუხლით ჩადენილ დანაშაულს ედავება. მათ შორის არის საქვეყნოდ მოწოდება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ, ასევე – ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა.