ვერშემდგარი დამხობის ორგანიზატორები საპროცესო შეთანხმებას ითხოვენ
ერთწლიანი პატიმრობის შემდეგ მურთაზ ზოდელავა და ლაშა ბერიძე, დიდი ალბათობით, ციხეს დატოვებენ.
საპროცესო შეთანხმების გაფორმების თხოვნით განაცხადები უკვე პროკურატურაშია და მოლაპარაკებებიც დაიწყო. ეს იქნება პირველი შემთხვევა, როცა რეზონანსულ საქმეზე პირობითი მსჯავრით 4 ოქტომბრის მოვლენების ორგანიზატორებად მიჩნეული პირები გათავისუფლდებიან. შეთანხმების გასაფორმებლად დანაშაულის აღიარებაა საჭირო, რაც ნიშნავს, რომ 7 წლით პატიმრობამისჯილმა ზოდელავამ და ბერიძემ აღიარეს ყველა ბრალდება – ჯგუფური ძალადობის ორგანიზება-ხელმძღვანელობა, სტრატეგიული ობიექტის ხელშე ჩაგდების მცდელობა, ხელისუფლების დამხობისკენ საჯაროდ მოწოდება. ამავე საქმეზე სამართლებრივი სტატუსი შესაძლოა კიდევ ორ პირს – გური ჟვანიას და ირაკლი ჩხირკვიას შეეცვალოთ. ისინიც საპროცესო შეთანხმებას ითხოვენ. 2025 წლის 4 ოქტომბერს პრეზიდენტის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებზე დაკავებული 62 ფიგურანტიდან საპროცესო გარიგებით უკვე 30-ზე მეტი მსჯავრდებულია გათავისუფლებული. ახლა მთავარი კითხვაა, ისარგებლებენ თუ არა ამავე მექანიზმით პაატა ბურჭულაძე, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი პაატა მანჯგალაძე და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ირაკლი ნადირაძე, რომლებიც იდენტური ბრალდებებით იხდიან სასჯელს. გარე ძალების დავალებით რევოლუციის და სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა – ასეთია შარშანდელ მოვლენებზე ხელისუფლების პოლიტიკური შეფასება. მშვიდობიანი დამხობის სახელით თვითმმართველობის არჩევნების დღეს თავისუფლების მოედანზე დაწყებულ და პრეზიდენტის სასახლესთან განვითარებულ ძალადობრივ მოვლენებს თავის დროზე რამდენიმე ოპოზიციური პარტია გაემიჯნა.
ერთი წელი ცნობილი მოვლენებიდან – სალომე ქოქიაშვილი გახმაურებული საქმის შესახებ.