ვერშემდგარი დამხობის ორგანიზატორები საპროცესო შეთანხმებას ითხოვენ

12:13, 06.10.2026

4 ოქტომბრის მოვლენებიდან ერთი წლის თავზე, მურთაზ ზოდელავამ და ლაშა ბერიძემ პროკურატურას საპროცესო შეთანხმების გაფორმების მოთხოვნით მიმართეს. სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობა, ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა, მასში მონაწილეობა და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისა და ხელისუფლების დამხობისკენ საქვეყნოდ მოწოდების ფაქტები. პროკურატურის განცხადებით, ზოდელავამ და ბერიძემ აღიარეს ჩადენილი დანაშაული, მოინანიეს და პროკურატურას საპროცესო შეთანხმების გაფორმების თაობაზე მიმართეს. ამავე საქმეზე სამართლებრივი სტატუსი შესაძლოა, კიდევ ორ პირს – გური ჟვანიასა და ირაკლი ჩხირკვიას შეეცვალოთ. როგორც ცნობილია, ისინიც საპროცესო შეთანხმებას ითხოვენ. ამ დრომდე უცნობია, ისარგებლებენ თუ არა ამავე მექანიზმით პაატა ბურჭულაძე, პაატა მანჯგალაძე და ირაკლი ნადირაძე, რომლებიც იდენტური ბრალდებებით იხდიან სასჯელს. მურთაზ ზოდელავასა და ლაშა ბერიძის მხრიდან საპროცესო შეთანხმებაზე მიმართვას „ნაციონალურ მოძრაობაში“ სტრატეგიულ ტაქტიკას უწოდებენ და ამბობენ, რომ მებრძოლი ადამიანები გარეთ უფრო სჭირდებათ. ფაქტს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა პარტია „ფედერალისტების“ლიდერი. ,,საპროცესოს საპროცესოზე რომ აფორმებ და გარიგებულს სხვებს უწოდებ, კი დაიწვები ჯოჯოხეთის ცეცხლში სრულიად სამართლიანად და ჯოჯოხეთამდე მე გეყოლები, დედამიწაზე“, – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი. მმართველი გუნდის შეფასება კი ერთი წლის წინ განვითარებულ მოვლენებზე ასეთია – გარე ძალების დავალებით რევოლუციისა და სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა. ამასთან, ხელისუფლებაში აღნიშნავენ, რომ სახელმწიფო ლოიალური იქნება მის მიმართ, ვინც გააცნობიერებს, რომ მისი ქმედება ანტისახელმწიფოებრივი იყო.

მსგავსი