ათონელის 25 ნომრის ღობის ამბავი ქვეყნის ფარგლებს გასცდა.
პრეზიდენტის სასახლესთან ღობის წინასწარ მორყევის ვერსიას ყოფილი პრეზიდენტიც იზიარებს და ამ ვერსიას საერთაშორისო პლატფორმიდან საუბრობს. პრაღაში მიმდინარე ფორუმზე ექს-პრეზიდენტმა წინა კვირის ძალადობრივი პროცესები მოდელირებულ თავდასხმად გამოაცხადა და სცენარში ოპოზიციის ნაწილის გამოყენებაც არ გამორიცხა. სახელმწიფოს ყოფილი მეთაურის გზავნილებმა ხელისუფლებასთან ერთად ოპოზიციონერი აქტორებიც გააღიზიანა. მათ შორის „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც მშვიდობიანი დამხობის გეგმის აქტიური მხარდამჭერი იყო. ყოფილი მმართველი პარტიის ლიდერები 4 ოქტომბრის გეგმის ცვლილებაზე და გაუთვალისწინებელ შემთხვევაზე მიუთითებენ და ამტკიცებენ, რომ ორგანიზატორების გეგმაზე ინფორმაცია წინასწარ არ მიუღიათ. შესაბამისად, ამ დრომდე უპასუხოდ რჩება მშვიდობიანი დამხობის გეგმას გამიჯნული იმ ოპოზიციური ძალების მოწოდება, რომლებიც 4 ოქტომბრის აქციის ორგანიზატორებსა და მხარდამჭერ პარტიებს მომხდარზე პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღებას სთხოვენ.