ვერშემდგარი დამხობა - ორგანიზატორები  დამნაშავეების ძიებაში 

რას ითვალისწინებდა 4 ოქტომბრისთვის მომზადებული გეგმა და იყო თუ არა ის აქციის მხარდამჭერ ყველა პოლიტიკურ აქტორთან შეთანხმებული – ოპოზიციურ ფლანგზე ურთიერთბრალდებები არ წყდება.

კეთდება ურთიერთგამომრიცხავი განცხადებებიც. ხელისუფლების მშვიდობიანად დამხობის და ხელისუფლების იმავე დღეს გადაბარების არაერთხელ დაანონსების მიუხედავად, ორგანიზატორები და აქციის მხარდამჭერი პოლიტიკოსები ამბობენ, რომ გეგმა ძალადობრივ ქმედებებს გამორიცხავდა, თუმცა შეკრების აქტიური მხარდამჭერი პარტიის, „ნაციონალური მოძრაობის“ ცალკეული ლიდერები ახლა პროცესისგან გამიჯვნას ცდილობენ და ამტკიცებენ, რომ გეგმის შესახებ საერთოდ არაფერი იცოდნენ. ამ განმარტებების და მტკიცების ოპოზიციის იმ ნაწილსაც არ სჯერა, რომელიც პაატა ბურჭულაძის გეგმას თავიდანვე გაემიჯნა. სულ უფრო აქტიურად ჟღერდება ღობის წინასწარ მორყევის ვერსიები და კეთდება პირდაპირი მინიშნებები ღალატზე. სწორედ ამ კონტექსტში გაჟღერდა ინფორმაცია, რომ 4 ოქტომბრის გეგმის ავტორებს „ქართული ოცნების“ ყოფილმა მაღალჩინოსანმა უღალატა. ამ ვერსიას რეალურად მიიჩნევენ ცალკეული ოპოზიციონერი აქტორები, რომლებიც პრეზიდენტის სასახლესთან განვითარებულ ძალადობრივ მოვლენებზე მთელ პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებენ.