ვერაზე წყლის მილი გასკდა

ბარნოვისა და პეტრიაშვილის ქუჩებზე გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება. ვერაზე წყლის მილი გამთენიისას გასკდა, რის შედეგად საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები, სარდაფები და კომერციული ფართები დაიტბორა.

დაზიანდა ტექნიკა და საყოფაცხოვრებო ნივთები. თითქმის სრულად არის განადგურებული მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული საცხობებისა და სალონების ინვენტარი.

სამაშველო ბრიგადები ამოტუმბვით სამუშაოებს ახორციელებენ. ბარნოვის ქუჩაზე დროებით შეზღუდულია საავტომობილო მოძრაობა.

ადგილზე იმყოფებოდა „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ხელმძღვანელი. მისი განმარტებით, ზარალის დათვლა მიმდინარეობს. პროცესის დასრულების შემდეგ კი კომპანია მიყენებული ზიანის ანაზღაურების პირობას დებს.

რაც შეეხება წყლის მიწოდებას, წყალმომარაგება სამუშაოების დასრულებისთანავე, 4 თებერვლის დილის 09:00 საათიდან აღდგება.