„ცხრიანი“ შესაძლოა „რვიანად“ იქცეს. სამი თვის წინ შექმნილ ოპოზიციურ ალიანსში შიდა მწვავე დაპირისპირება კულმინაციას აღწევს. ურთიერთთავდასხმების შემდეგ ახლა მთავარი კითხვაა – „ნაციონალური მოძრაობა“ თავად დატოვებს ერთობის რიგებს, თუ დაატოვებინებენ. ალიანსის წევრი პარტიები, რომლებიც მიხეილ სააკაშვილის მწვავე კრიტიკის სამიზნეებად იქცნენ, ადასტურებენ, რომ ბოლო პერიოდში „ნაციონალური მოძრაობა“ ალიანსის მუშაობის პროცესში ჩართული არ არის და მხოლოდ 26 მაისის აქციაზე გამოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ ალიანსის სამოქმედო გეგმით უკმაყოფილო ყოფილ პრეზიდენტს და მის პარტიას შეთანხმების დარღვევის არგუმენტით კარისკენ რამდენჯერმე მიუთითეს, „ნაციონალური მოძრაობა“ ალიანსიდან გასვლას არ ჩქარობს, თუმცა ყველა განცხადებაში საკუთარი უპირატესობის ხაზგასმას ცდილობს. ალიანსის საერთო ბრძოლის სულისკვეთება არ იკითხება მიხეილ სააკაშვილის დღევანდელ წერილშიც, რომელიც მომავალ არჩევნებში გამარჯვების დროს მხოლოდ საკუთარ პარტიას ახსენებს და გუნდში რადიკალურ ცვლილებებს აანონსებს. პარტიას შესაძლოა ნანუკა ჟორჟოლიანი შეუერთდეს.