ამერიკის შეერთებული შტატები ათეულობით საერთაშორისო ორგანიზაციას ტოვებს. მემორანდუმის მიხედვით, რომელსაც ხელს დონალდ ტრამპი აწერს, ვაშინგტონი აღარ იქნება 66 ორგანიზაციის, მათ შორის ვენეციის კომისიის წევრი. „მფლანგველი, არაეფექტური და ანტიამერიკული“ – ასეა შეფასებული ხსენებული ორგანიზაციები თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, სადაც მიღებული გადაწყვეტილების მიზეზად ამ ორგანიზაციების არასწორი ფუნქციონირება და ამერიკელი ხალხის ფულის ამერიკისვე ინტერესების საწინააღმდეგოდ გამოყენება სახელდება.თეთრ სახლში იმასაც აცხადებენ, რომ სხვადასხვა ორგანიზაცია შტატების ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ, გლობალური აქტორების ინსტრუმენტად გადაიქცა, რაც ვეღარ გაგრძელდება. ტრამპის ადმინიტრაციის რეზონანსული გადაწყვეტილება არაერთგვაროვანი რეაქციების მიზეზი გახდა საქართველოში. მმართველი პარტია, რომელიც გავლენიანი ორგანიზაციების, მათ შორის ვენეციის კომისიის პოლიტიკურ იარაღად გამოყენების მცდელობებსა და არასამართლიან დამოკიდებულებაზე წლებია საუბრობს, შტატების პოზიციას ამ ბრალდებების მკაფიო დადასტურებად განიხილავს. თუმცა, ასე არ ფიქრობენ ოპოზიციაში, სადაც ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს რეალობის შედარებას არარელევანტურად მიიჩნევენ.