ვენეციის კომისიის მოსაზრება - შეფასებები

ვენეციის კომისია „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის“ შესახებ კანონზე, „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებებსა და „უცხოური გავლენის“ შესახებ სხვა კანონებზე მოსაზრებას აქვეყნებს და მიღებულ კანონებს ნეგატიურად აფასებს. კომისიის აზრით, ახალი საკანონმდებლო ბაზა საფრთხეს უქმნის კანონის უზენაესობას, სამოქალაქო სივრცეს და დემოკრატიულ თავისუფლებას, ამიტომ, კომისია რეკომენდაციას უწევს ამ საკანონმდებლო აქტების გაუქმებას და მის ნაცვლად, უკვე არსებული ჩარჩოს გაუმჯობესებას. კომისია ასევე მოუწოდებს მთავრობას, რომ ამ სფეროში სამომავლო კანონშემოქმედება დაეფუძნოს სისტემურ და ინკლუზიურ მიდგომას, რომელიც უზრუნველყოფს მის ლეგიტიმურობას და ფართოდ მიღებას. ვენეციის კომისია აცხადებს, რომ კომისია ამ ხარვეზების აღმოსაფხვრელად ღიაა ხელისუფლებასთან დიალოგისთვის.