კიდევ ერთი თემა, რომელსაც პოლიტიკოსების მხრიდან გამოხმაურება მოჰყვა, ვენეციის კომისიის მიერ გამოქვეყნებული შეფასება და რეკომენდაციებია, იმ ცვლილებებთან დაკავშირებით, რომლებიც საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში და შეკრებებისა და დემონსტრაციების შესახებ კანონში შევიდა. აღნიშნულ დასკვნას იზიარებენ ოპოზიციაში, განსხვავებულია მმართველი გუნდის პოზიცია. საერთაშორისო ექსპერტები წერენ, რომ კანონპროექტები მიღებული იყო დაჩქარებული წესით, შესაბამისი დაინტერესებული მხარეების ჩართულობის გარეშე და კანონშემოქმედებითი პროცესი შეიძლება ჩაითვალოს ფუნდამენტურად ხარვეზიანად. დასკვნაშია აღნიშნულია, რომ „ახალი მკაცრი პატიმრობის სასჯელები, ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისთვის ჯარიმების მნიშვნელოვან ზრდასთან ერთად, ზედმეტად მკაცრი ჩანს. ეს ზომები, სავარაუდოდ, მოახდენს შემაკავებელ გავლენას შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებების განხორციელებაზე“.
კომისია მიიჩნევს, რომ „აუცილებელია, ხელისუფლებამ გადახედოს ამ ცვლილებებს და განახორციელოს სათანადო კანონშემოქმედებითი პროცესი ყველა შესაბამისი დაინტერესებული მხარის მნიშვნელოვანი ჩართულობის უზრუნველყოფით“. ვენეციის კომისიის დასკვნა რამდენიმე რეკომენდაციას მოიცავს, მათ შორისაა, შეკრების თავისუფლებისა და გამოხატვის თავისუფლების კონტექსტში გამოყენებადი სანქციების გადახედვა.