ვენეციის კომისიის დასკვნა – პოლიტიკური შეფასებები
ოპოზიციური პარტიების საქმიანობასთან დაკავშირებული კანონმდებლობა ხდება ვენეციის კომისიის სერიოზული შეშფოთების მიზეზი.
დასკვნაში ევროპელი შემფასებლები, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ კანონს საფრთხის შემცველად მიიჩნევენ და ხაზგასმით აცხადებენ, რომ ცვლილებები ხელს უშლის პოლიტიკური ოპოზიციის შენარჩუნებას. დემოკრატიულ სტანდარტებთან შეუსაბამოდ და რეპრესიულად ცხადდება „გრანტების შესახებ“ კანონი და სისხლის სამართლის კოდექსში განხორციელებული ცვლილებებიც. ვენეციის კომისია ოფიციალურ თბილისს მოუწოდებს გადახედოს, გააუქმოს ან საფუძვლიანად შეცვალოს ბოლო დროს დამტკიცებული კანონმდებლობა. დასკვნაში გამოთქმულ შენიშვნებს სრულად იზიარებს ოპოზიცია, თუმცა კრიტიკას არ იღებს მმართველი გუნდი. ხელისუფლება მარტში დამტკიცებულ ცვლილებებს ეროვნული ინტერესების დაცვით ხსნის, ვენეციის კომისიის დასკვნას კი ყალბ აღქმებზე დაფუძნებულ, მორიგ პოლიტიკურ დოკუმენტად განიხილავს.