დღეს ვატიკანში კონკლავის მეორე დღეა. გუშინ პირველ კენჭისყრაზე რომის პაპი ვერ აირჩიეს. სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამურიდან შავი კვამლი ამოვიდა, რაც ნიშნავს იმას, რომ კონკლავში მონაწილე კარდინალებიდან ვერც ერთმა ვერ მიიღო ხმების ორი მესამედი. ამგვარად, დღეს კარდინალები კვლავ სიქსტეს კაპელაში შეიკრიბებიან. დღის განმავლობაში კენჭისყრის ოთხი რაუნდი ჩატარდება. პირველი კენჭისყრა უახლოეს წუთებში უნდა დაიწყოს. კარდინალების გადაადგილება უსაფრთხოების გამკაცრებული ზომებით ხდება. კონკლავის დაწყებიდან ახალი პაპის არჩევამდე მათ აკრძალული აქვთ გარე სამყაროსთან ყველა სახის კომუნიკაცია. მათ არ აქვთ წვდომა ინტერნეტზე, ტელეფონებსა და პრესაზე. კონკლავში 70 ქვეყნიდან 133 კარდინალი მონაწილეობს. შეგახსენებთ, რომ რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში, 21 აპრილს გარდაიცვალა. ანდერძის თანახმად, პონტიფიკოსი რომში, სანტა მარია მაჯორეს ტაძარშია დაკრძალული.