ვასილ ყულჯანიშვილის გარდაცვალებიდან ოთხი წელი გავიდა

ავღანეთის „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში დაღუპული პირველი კლასის რიგითის, ვასილ ყულჯანიშვილის გარდაცვალებიდან ოთხი წელი გავიდა. ბაგრამის საავიაციო ბაზის ერთ-ერთ მოედანს დაღუპული ქართველი სამხედრო მოსამსახურის სახელი მიენიჭა. ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ჯარისკაცის ხსოვნის პატივსაცემად, კოალიციურ ბაზაზე მარათონი გაიმართა. 43-ე ბატალიონის პირად შემადგენლობასთან ერთად გარბენში მონაწილეობა ჩეხმა, ამერიკელმა, პოლონელმა და ბოსნიელმა სამხედროებმა მიიღეს.

მარათონში გამარჯვებული სამხედროები ბაგრამის საავიაციო ბაზის მეთაურმა, ბრიგადის გენერალმა ფასიანი საჩუქრებით და საპატიო სიგელით დააჯილდოვა.

ვასილ ყულჯანიშვილი 2015 წლის 22 სექტემბერს, ავღანეთში, სამოქმედო არეალში პატრულირებისას, მეამბოხეების მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად გმირულად დაიღუპა.