ვასილ მაღლაფერიძემ საქართველოს პირველი არხის გენერალური დირექტორის თანამდებობა დატოვა

ვასილ მაღლაფერიძემ საქართველოს პირველი არხის გენერალური დირექტორის თანამდებობა დატოვა. გადაწყვეტილების მიზეზების შესახებ მან განცხადება გაავრცელა: “მიუხედავად იმისა, სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ პირველი არხი მიუკერძოებლად და პირუთვნელად გააშუქებს მომავალ არჩევნებსაც და ყველა სხვა პოლიტიკურ პროცესსაც, იქიდან გამომდინარე, რომ ვინმემ სხვადასხვა მიზნიდან გამომდინარე, არ იპოვოს ეჭვის საბაბი და კითხვის ნიშნები არ დასვას არხის მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით, მივიღე გადაწყვეტილება გადადგომის შესახებ”. – აცხადებს ვასილ მაღლაფერიძე. მან ასევე იმ რეფორმებზე ისაუბრა, რაც მისი ხელმძღვანელობის პერიოდში არხზე გატარდა. ვასილ მაღლაფერიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას კატეგორიულად უარყო, რომ მისი გადადგომა აუდიტის სამსახურის საქმიანობას უკავშირდება.

ვასილ მაღლაფერიძემ სამეურვეო საბჭოს წევრებს განცხადებით დღეს დილით, 18 აგვისტოს მიმართა. საქართველოს პირველი არხის გენერალური დირექტორის თანამდებობაზე კონკურსი უკვე გამოცხადდა. მსურველებს განაცხადების შეტანა დღეიდან, 30 დღის ვადაში შეუძლიათ.

დღევანდელ სხდომაზე სამეურვეო საბჭომ მხარი დაუჭირა გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის პოსტზე პირველი მოადგილის, თინათინ ბერძენიშვილის კანდიდატურას.

ბორდის წევრებმა ვასილ მაღლაფერიძის სამწლიანი მუშაობის შედეგები შეაფასეს.