ვაშლი
ვაშლი

ფრიტაუნში წვიმის სეზონი იწურება. აღარ არის დაუსრულებელი თავსხმა. დღის მანძილზე რამდენჯერმე გადაიღებს, მერე ისევ მოიქუფრება და დასცხებს. ნამდვილი ბრძოლაა. დარს ცვლის ავდარი, ავდარს დარი. ჩაბნელებულ, ჩარუხებული შავთეთრი უცბათ გაჩირაღდნდება და ათას ფერად აელვარდება ხოლმე, ისე ააშრობს ყველაფერს, თითქოს ამ ქვეყანაში საერთოდ არასოდეს უწვიმია. მერე ასევე უეცრად ჩაქრება და ჩაბნელდება. ხანდახან ამ გადასვლას ხიდად უშველებელი ცისარტყელა ჩაუდგება, ერთი ფეხი მთის კალთაზე დაუბჯენია, მეორე ოკეანეში იკარგება…

ქვეყანა ნელ-ნელა გამოსაფხიზლებლად ემზადება, მალე ქოლგები დაიკეცება და ცხოვრება აჩქარდება, მომავალ წვიმის სეზონამდე…

ფრიტაუნის დაუნტაუნში რამდენიმე საქმეა, რომელიც დარსა და ავდარში ერთნაირად მუშაობს, სტიქიას არ ეპუება. ერთ-ერთი კომპიუტერების და მისი მიმყოლი რამე-რუმეების მაღაზიაა. კასიმის მაღაზიას ეძახიან.

კასიმი ახალგაზრდა ლიბანელია. ძმებთან ერთად ჯერ პატარა მაღაზია – სახელოსნო გახსნა. ახალ კომპიუტერებსაც ყიდდა, ძველმანებსაც, შეკეთებასაც არ თაკილობდა. სხვადასვა ნაწილებისგან უცნაურ ფრანკენშტეინებსაც ქმნიდა. მერე წელი მოიდგა, მაღაზიაც გაიზარდა. იმპორტიც გააჩაღა, „დელის“ წარმომადგენლობაც დაირტყა. ტრიალა შუშის კარიც დააყენა და კონდიციონერიც. გრილ გაკრიალებულ მაღაზიაში ხალხი ხშირად აფრიკული სიცხისაგან თავშესაფარად და ამოსასუნთქად შედის. კასიმიც ყველას გულთბილად ხვდება და ლიბანური ყავითაც უმასპინძლდება. ყველანაირ კომპიუტერს ყიდიან, ერთადერთი Apple არა აქვს ჯერჯერობით.

ამ დღეებში კი კასიმის მაღაზიაში ყველა ჭრელა-ჭრულა რეკლამა ჩამოხსნილია, შუშის ვიტრინაში პრინტერზე ამობეჭდილი უშველებელი შავთეთრი სურათი ჰკიდია, სურათიდან სტივ ჯობსი იმზირება. ქვევით კი Times New Roman, Bold – ით აწერია –  HE DIED…

სურათის ქვეშ, ხონჩაზე ლამაზი, ცისარტყელის ფერება, ეგზოტიკური აფრიკული ხილის ნატურმორტია ყვავილების მაგივრად. ერთია, ვაშლი არ არის იმ ხილს შორის…

საოცარი ამბავი ხდებოდა ამ დღეებში მთელ მსოფლიოში, ლამის ყველგან APPLE-ის მაღაზიებთან ხალხი მიდიოდა და მიდიოდა ყვავილებით ხელში, სამძიმარზე.

სტივ ჯობსის წარმოშობის, ხასიათის, გაქანების, ნიჭის, ახირებულობის და თავისუფლების ადამიანს წარმატებისთვის მხოლოდ ერთადერთ ადგილას შეეძლო მიეღწია. ეს ამერიკაა. დედამიწის არც ერთ სხვა  კუთხეში და არც ერთ სხვა კულტურაში სტივ ჟობსი არ იარსებებდა. ყველგან ყველაფერი შეიძლება მოხდეს – მხატვარი, მწერალი, მეცნიერი, არტისტი, მაგრამ ის კომბინაცია ნოვატორ, ბიზნესმენ, ორგანიზატორ, გამომგონებლისა, არტისტიზმამდე აყვანილი უხიაგი ხასიათის გენიალური ლიდერისა, უამრავი მიმდევრის საყვარელი მილიარდერისა, რომელიც ამ კაცში პარადოქსალურად გაერთიანდა, მხოლოდ და მხოლოდ ამერიკაშია შესაძლებელი.

არსებობს ადამიანთა რიგი, რომელთა რეალური გავლენა, მნიშვნელობა და  ძალაუფლება მართლაც სცილდება ყოველგვარ ადამიანურ საზომს და კარიერისტულ ფანტაზიას. ლეონარდო და ვინჩი, კოპერნიკი, სოკრატე, კანტი, შიგაწვის ძრავის გამომგონებელი, სტამბის შემქმნელი, შექსპირი… უცბად რაც მომადგა ენაზე… და სტივ ჯობსი.

მამა სირიელი ემიგრანტი, დედა შვეიცარიელ-გერმანელი ასპირანტი. ამერიკაში გადაეყარნენ ერთმანეთს და მომავალი ადამიანი ჩასახეს. არც ერთმა მოინდომა მამობა და არც მეორემ დედობა.

უშვილო ამერიკელებმა პოლ და კლარა ჯობსმა, ღვთის საჩუქრად მიიჩნიეს და იშვილეს ცოცხალი არსება, სტივი დაარქვეს. მადლობა უფალს! აბა, წარმოიდგინეთ ეს გენეტიკა სირიელი მამის ხელში რომ დარჩენილიყო… არა, ცუდს არაფერს ვგულისხმობ, მაგრამ APPLE – ი ან არ იქნებოდა ან ვინმე სხვას უნდა შეექმნა…

დიდი თავისნათქვამა და ჯიუტი რამ გაიზარდა, კოლეჯში სწავლა პირველი წლის შემდეგ მიაგდო, თვითგანათლებას მიჰყო ხელი, მეგობრებთან ეძინა იატაკზე და ბოთლების შეგროვებით გადიოდა ფონს, ბუდიზმში გადავარდა და აღმოსავლეთში იწანწალა… ეჭვი არ არის, თავიდანვე არ იყო დალაგებული…

აი, ამ მასალისგან გამოიძერწა ოთხი შვილის მამა, უზადო ფანტაზიის, პასუხისმგებლობის, ორგანიზაციული ნიჭის, კომერციული წინასწარმეტყველების, მომთხოვნელობის და შთაგონების ნაზავი, გენიოსი.

Mac, Apple, Ipad, Iphone, Itunes, Next, Pixar, დისნეის სტუდიის თანამფლობელი და ამღორძინებელი, APPLE – ის დამფუძნებელი, კომპანიიდან გაგდებული და მერე უკან მობრუნებული თავისივე პირმშოს გადასარჩენად და ასაყვავებლად.

სამასორმოცდაორი პატენტი, დისნეის სტუდიაში შექმნილი არაჩვეულებრივი, მართლაც რომ მხატვრული სრულმეტრაჟიანი ნახატი ფილმები, 3 მათგანი ოსკარის მომპოვებელი…

და რაც მთავარია, აზროვნების სტილის, გემოვნების, ახალი შეგრძნებების, ახალი ამბიციის შემქმნელი, ადამიანის ფსიქოლოგიისა და ქვეცნობიერის შემცვლელი.

თამბრუდამხვევია…

ჯობსი 56 წლის გარდაიცვალა, ბოლო ათეული წელი სიკვდილთან ბრძოლაში გაატარა, როდესაც კიბოს დიაგნოზი დაუსვეს… არც ერთი დღე არ დაუთმია… ბოლომდე იბრძოლა და იღვაწა.

ვისაც მოგისმენიათ ან წაგიკითხავთ სტენფორდში წარმოქმული მისი სიტყვა, მისთვის ყველაფერი ნათელია. სხვებს გირჩევთ, არ დაიზაროთ, მოიძიეთ.

„…იმის განცდა, რომ მალე მოვკვდები, არის ყველაზე მნიშვნელოვანი იარაღი, რომელიც კი ოდესმე მქონია ცხოვრებისეული უმნიშვნელოვანესი არჩევნების გასაკეთებლად, რადგან ყველაფერი – იმედები, სიამაყე, შერცხვენისა თუ დამარცხების შიში – უკან იხევს სიკვდილის წინაშე. რჩება მხოლოდ უმნიშვნელოვანესი. სიკვდილის მოლოდინი საუკეთესო საშუალებაა, თავი აარიდო ხაფანგს, თითქოს რამე გაქვს დასაკარგი. შენ რჩები სრულიად შიშველი. საუკეთესო მიზეზია მხოლოდ გულისძახილს მიჰყვე“.

აკი მიჰყვა კიდეც. გენიოსმა სიკვდილის მოლოდინი პოზიტივად აქცია, შემოქმედებისა და სისხლსავსე სიცოცხლის მამოძრავებელ ენერგიად…

გენიალურმა ქართველმა ფსიქოლოგმა, დიმიტრი უზნაძემ თქვა: სიკვდილი ისევე აძლევს ფორმას ჩვენს სიცოცხლეს, როგორც ჭიქა – წყალს. არა მგონია, ჯობსს უზნაძის ეს ნაშრომი წაეკითხა.

„…თუ ყველა დღეს ისე გაატარებთ, როგორც სიცოცხლის უკანასკნელ დღეს, ერთხელაც გაგიმართლებთ…“

ჯობსმა ბოლო შვიდი, რვა წლის განმავლობაში, მძიმე მკურნალობის ფონზე, უაღრესად სასარგებლოდ იცხოვრა, მეთოდურად მოამზადა კომპანია, მოამზადა მიმდევრები, გადააბარა საქმე, დაუტოვა მომავალი იდეები. შექმნა არაჩვეულებრივი ფინანსური ბაზა. ამბობენ, APPLE – ის კომპანიას რეალური ქეში უფრო მეტი აქვს, ვიდრე ამერიკის სახელმწიფოსო. რამდენიმე წელი, შეიძლება ათეულიც, სულაც გულხელდაკრეფილი გაუძლებენო.

სტენფორდში ნათქვამი სიტყვის ერთერთი ბოლო ფრაზა იყო: „ნურასოდეს დაკარგავთ შიმშილის გრძნობას…“

როგორ გგონიათ, ჯობსი სჯობს თუ ობამა, ან რომელიმე სხვა ყოფილი პრეზიდენტი? რითი? თუნდაც პოლიტიკური გავლენით. ჯობსი იმ ხალხის კატეგორიიდანაა, პოლიტიკოსები და პრეზიდენტები იქით რომ ეძებენ მათთან ურთიერთობას.

ჯობსს თურმე მაშინ პრეზიდენტი კლინტონი ესტუმრა. ჯობსის ოთახში მისი საყვარელი, ძველი BMW-ს მოტოციკლეტი, უკვე ისტორიად ქცეული უნიკალური მოდელი ედგა. კლინტონი პატარა ბიჭივით ავარდნილა და უთხოვია: დამსვი რაო. გულითადმა მასპინძელმა, სტუმარს ხათრი არ გაუტეხა და პრეზიდენტმა მოტოთი „იკატავა“.

სამაგიეროდ, თეთრ სახლში სტუმრობისას აბრაჰამ ლინკოლნის საძინებელში გაუშალეს ლოგინი…

ქართველ სახელოვან ფიზიოლოგს, აკადემიკოს ივანე ბერიტაშვილს სახელმწიფო ლაურეატობა მიუღია. მაშინდელ ცეკას მდივანს, მჟავანაძეს გადაუწყვეტია მილოცვა. ბერიტაშვილთან დაურეკავთ ცეკას მისაღებიდან და უთქვამთ, მჟავანაძეს, ვასილ პავლოვიჩს უნდა თქვენთან საუბარიო… პირველ კაცსას დაუწყია გრძლად მოლოცვა…

მეცნიერს არ ეცალა, თავისას ფიქრობდა…

–  რომელი მჟავანაძე? ცეკას დირექტორი? გმადლობთ მჟავანაძე, გმადლობთ… – მოიზრდილობა და ყურმილი დაუკიდა…

ეს გამახსენდა და საქართველოში გადმოვედი.  ინტერნეტში „კომენტების“ კითხვისას ასეთსაც წავაწყდი: „… რა გააწყალეს ამ ჯობსით საქმე, საკუთარი ვიტიროთო…“ და კიდევ უარესი, და უხეშად უზრდელურიც… ჯერ ერთი, არა მგონია, ჯობსს სტიროდნენ, აქ სხვა სტილის დარდია.

ახლა ვიცი, დამესევიან ზოგ-ზოგები. აბა, ცოტა აბსტრაქტულად დაფიქრდით და სანამ შემაჩვენებთ, თავი ცოტა გადააქან-გადმოაქანეთ.

ჯობსმა ალბათ ბევრი არაფერი იცოდა საქართველოზე, შეიძლება გაგებული ჰქონდა, რომ არის ასეთი ქვეყანა, სადღაც შორს… მიუხედავად ამისა, უაღრესად დიდი ღვაწლი აქვს ჩვენი ქვეყნის წინაშე. როგორც ყველა სხვისა, მაგრამ ჩვენ ჩვენსაზე ვთქვათ. არც ვიცი, რომელ ქართველ მოღვაწეს შევადარო რეალური დამსახურებითა და მართლაც ზემოქმედებით. ალბათ, ილია ჭავჭავაძეს. პაუზა.

არ მითხრათ ახლა, ვიღაც ბუდისტს წმინდანს როგორ ადრიო!

ერთი კი ნამდვილად ვიცი. არც ერთ ბოლო ორი საუკუნის პოლიტიკოსს, პირველ პირს, პრეზიდენტს და სხვა. ნოე ჟორდანიადან და ვიდრე დღემდე იმდენი არ გაუკეთებია საქართველოს დამოუკიდებლობა აღმშენებლობისათვის, როგორც მისდა უნებურად ჯობსმა იღვაწა.

არც ერთ განათლების მინისტრს, ნაკლებად ბედოვლათსა თუ მეტად, იმის მეასედი არ გაუკეთებია ჩვენი მომავალი თაობისათვის, როგორ მისდა უნებურად ჯობსმა გააკეთა. საინტერესო ისაა, რომ დღესაც აგრძელებს.

დღევანდელებო, თავგზააბნეულებო, პატივმოყვარეებო. ცოტა ხნით გადადეთ გვერდზე სიბრმავე – ამბიცია, თუ შეგწევთ ძალა ჩამოიბერტყეთ პროვინციალიზმი და ჯობსისკენ გაიხედეთ. თუმცა რაღა დროს? არა, კიდევ არიან, შეიძლება ნაკლები, მაგრამ მასშტაბური მისნაირები.

გეხვეწებით! ერთი-ორი წლით მეტ და ნაკლებ ძალაუფლებაზე კი ნუ ვიფიქრებთ, ის გარემო შევქმნათ, სადაც სირიელი გადახვეწილი მამის და გერმანელი ასპირანტი დედის მიტოვებულ, სხვის ოჯახში აყვანილ ბავშვს ისე გამოზრდის, რომ APPLE – ს შეაქმნევინებს.

ვითომ ძალიან რთულია? არც ისე. უბრალოდ პირადული ცოტა ჩააჩოჩეთ.

ინტერნეტში ჯობსის საფლავის ქვის სურათი ვნახე. არ გამიკვირდება, მართალი რომ იყოს. უბრალო, სადა მართკუთხედი ქვაა. ზედ აწერია: Steve Jobs, და ქვევით APPLE – ის სტილში ისარი და – Slide to enter.