ვაშინგტონის არბიტრაჟის გადაწყვეტილება
იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ანაკლიის პორტის საქმეზე დავა მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ ვაშინგტონის არბიტრაჟშიც წააგეს. სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ საინვესტიციო დავების გადაწყვეტის საერთაშორისო ცენტრმა საქართველოს მთავრობის მოთხოვნები სრულად დააკმაყოფილა. უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, რომ ვაშინგტონის არბიტრაჟის მიერ დადასტურდა, რომ ანაკლიის პორტის პროექტის არ განხორციელება მთლიანად მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და მათი პარტნიორების პასუხისმგებლობაა და საქართველოს მთავრობის მხრიდან რაიმე ფორმით ხელშეშლას ადგილი არ ჰქონია. საარბიტრაჟო ტრიბუნალმა დაადგინა, რომ პროექტის დაფინანსების ვალდებულება სრულად ეკისრებოდა ინვესტორს, რომელმაც საკუთარი მიზეზით ვერ მოიძია საჭირო სახსრები, მთავრობის მხრიდან ხელშეკრულების შეწყვეტა კი იყო კანონიერი. ამასთან, განცხადების მიხედვით, ეჭვქვეშ არ დამდგარა მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მისამართით ფულის გათეთრებასთან დაკავშირებით წარმოებული სისხლისსამართლებრივი დევნის კანონიერება. აღნიშნული დავის ფარგლებში, ხაზარაძისა და ჯაფარიძის ჰოლანდიელი პარტნიორი, ბობ მეიერი 64 მილიონი დოლარის გადახდას ითხოვდა, თუმცა, არბიტრაჟმა მისი ყველა მოთხოვნა უარყო და მას თავად დააკისრა საქართველოს მთავრობის სასარგებლოდ ექვს ნახევარი მილიონი დოლარის გადახდის ვალდებულება. ცნობისთვის, ანაკლიის საქმეზე დავა ხაზარაძემ და ჯაფარიძემ სახელმწიფოსთან პარიზის არბიტრაჟშიც წააგო. მათ სახელმწიფოს სასარგებლოდ 650 ათასი დოლარის გადახდის ვალდებულება დაეკისრათ. აღნიშნული გადაწყვეტილება „ლელოს“ ლიდერებს არ გაუსაჩივრებიათ და დაკისრებული თანხა გადაიხადეს.