ვაშინგტონის არბიტრაჟის გადაწყვეტილება

პარიზის შემდეგ ვაშინგტონი – კიდევ ერთი საერთაშორისო არბიტრაჟის გადაწყვეტილება ანაკლიის პორტის საქმეზე.

საინვესტიციო დავების განხილვის საერთაშორისო ცენტრმა ანაკლიის განვითარების კონსორციუმის თანაინვესტორის, ბობ მეიერის სარჩელი არ დააკმაყოფილა. მოსარჩელე მთავრობის მიერ საინვესტიციო ხელშეკრულების შეწყვეტით მიყენებული ზიანის ანაზღაურებას ითხოვდა, თუმცა მას ახლა მთავრობისთვის 6,5 მილიონი დოლარი თავად აქვს გადასახდელი. ხელისუფლებისთვის პარიზის ერთი წლის წინანდელი და ახლა უკვე ვაშინგტონის არბიტრაჟის გადაწყვეტილება მორიგი დასტურია, რომ სახელმწიფოს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტისთვის ხელი არ შეუშლია და ხუთი წლის წინ ხელშეკრულება ინვესტორის მიერ ვალდებულებების შეუსრულებლობის და საჭირო ფინანსური სახსრების ვერ მოძიების გამო შეწყდა. რამდენად კანონიერი იყო სახელმწიფოს მხრიდან 2020 წელს ხელშეკრულების შეწყვეტა კონსორციუმთან, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძეა – არბიტრაჟის უკვე ორმა გადაწყვეტილებამ რეზონანსული საქმის გარშემო პოლიტიკურ ურთიერთბრალდებებს წერტილი მაინც ვერ დაუსვა. ბიზნესიდან პოლიტიკაში წასული ხაზარაძე-ჯაფარიძის პარტია დანარჩენ ოპოზიციასთან ერთად ანაკლიის მასშტაბური პროექტის მიზანმიმართულად შეფერხებაზე და ხელისუფლების პოლიტიკურ ინტერესებზე მიუთითებს.