ვაშინგტონის არბიტრაჟის გადაწყვეტილებაზე განცხადებას ავრცელებენ ბობ მეიერი და ანაკლიის განვითარების კონსორციუმი. განცხადებაში ბობ მეიერი აღნიშნავს, რომ საარბიტრაჟო გადაწყვეტილება გულდასაწყვეტია, თუმცა მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინება, რომ ტრიბუნალმა განიხილა მხოლოდ ვიწრო საკითხი – იყო თუ არა საქართველოს მთავრობა საქართველოსა და ნიდერლანდებს შორის დადებული ინვესტიციების დაცვის ორმხრივი შეთანხმების ფარგლებში უფლებამოსილი, შეეწყვიტა საინვესტიციო ხელშეკრულება. „მე გადავწყვიტე, განმეხორციელებინა ინვესტიცია ADC-ში და ანაკლიის პორტის პროექტში, რადგან ვხედავდი საქართველოს უზარმაზარ პოტენციალს, გამხდარიყო რეგიონული ეკონომიკისა და გლობალური ვაჭრობის წამყვანი ცენტრი. ასევე, ყოველთვის მქონდა აბსოლუტური ნდობა ჩემი პარტნიორების – ADC-ს ინვესტორების პატიოსნებისა და ხედვის მიმართ, და გვჯეროდა ჩვენი საერთო უნარის, განგვევითარებინა ეს პორტის პროექტი – მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი საქართველოს მთავრობა სათანადო როლს ითამაშებდა მისი განვითარების ხელშეწყობაში. ამ მთავრობას რომ შეესრულებინა თავისი ვალდებულებები და დახმარებოდა ADC-ს, ანაკლიის პორტი უკვე ამუშავებული იქნებოდა. ასე რომ მოქცეულიყო, ეს მთავრობა მსოფლიო არენაზე ანგარიშგასაწევ ძალად იქნებოდა აღქმული, და არა იმ იზოლირებულ ფიგურად, რაც რეალურად გახდა“, – ნათქვამია ანაკლიის განვითარების კონსორციუმის განცხადებაში. პარტია „ლელოში“ კი აცხადებენ რომ ხელისუფლება ტყუის, როცა მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ახსენებს ვაშინგტონის არბიტრაჟთან მიმართებით, რადგან ეს იყო ინვესტორ ბობ მეიერის დავა სახელმწიფოს წინააღმდეგ.