ვაქცინაციის პროცესი საქართველოში

„ფაიზერის“ მარაგი დღეს კიდევ 162 000 დოზით შეივსო. შესყიდული ვაქცინების დანარჩენ ნაწილს კომპანია ქვეყანას ეტაპობრივად გამოუგზავნის. მაღალი მოთხოვნის გამო, დედაქალაქში, სახელმწიფო უნივერსიტეტის კორპუსში მასობრივი ვაქცინაციის ცენტრი გაიხსნა. აქვე გამოიყო სივრცე პედაგოგებისთვის. მათ აცრა წინასწარი რეგისტრაციის გარეშე შეეძლებათ. ამ პრივილეგიით მასწავლებლები რეგიონებშიც ისარგებლებენ. გადაწყვეტილება სასკოლო სეზონის მოახლოებას უკავშირდება. გარდა ფაიზერისა, მოქალაქეებს შეუძლიათ „ასტრაზენეკას“, „სინოფარმისა“ და „სინოვაკის“ ვაქცინით აიცრან. პროცესის გამარტივების მიზნით, იმუნიზაცია შესაძლებელი იქნება სოფლის ამბულატორიებშიც. ბოლო ერთი დღეში ქვეყანაში 17 000-მდე პირი აიცრა, გეგმის მიხედვით კი, ეს მაჩვენებელი 25 000-მდე უნდა გაიზარდოს. ამ დროისთვის სრულად ვაქცინირებულია 160 000-მდე პირი, ერთჯერადად კი 324 000-მდე ადამიანია აცრილი.