ვაქცინაციის პროცესი საქართველოში 

საქართველოში ვაქცინების მცირე მარაგი და დაბალი ხელმისაწვდომობა კოვიდ-პანდემიასთან ბრძოლის მთავარ გამოწვევად რჩება. ამ დრომდე „ფაიზერის“ მილიონი დოზის მიღების თარიღად ივლისი სახელდებოდა, თუმცა ჯანდაცვის სამინისტრო ამ ეტაპზე ზუსტი დროის დასახელებისგან თავს იკავებს. გარკვეულია, რომ „კოვაქსის“ პლატფორმიდან კიდევ ერთი ვაქცინის, „ნოვავაქსის“ მარაგებს ქვეყანას სექტემბრამდე ვერ მიაწვდიან. რაც შეხება ტრადიციულ მეთოდებზე დამზადებულ ჩინურ „სინოფარმს“, ეპიდემიოლოგები ახალი დოზების მოწოდებას ივნისში ვარაუდობენ. პრობლემაა აცრის პუნქტების რაოდენობაც, რის გამოც რეგისტრაციის პროცესი გართულებულია. მესამე კვარტალიდან საქართველოში მასობრივი ვაქცინაციის დაწყებას აანონსებენ, ამიტომ მთავარ ამოცანად შესაბამისი სამედიცინო პუნქტების მობილიზება და მათი რაოდენობის გაზრდა სახელდება. წლის ბოლომდე ქვეყანაში გეგმის მიხედვით მილიონ 700 000 ადამიანი უნდა იყოს აცრილი, თუმცა ამ დროისთვის აცრილ მოქალაქეთა რაოდენობა მხოლოდ 162 000-ს აღწევს. კლინიკური ჯგუფის ხელმძღვანელი და ქვეყნის მთავარი ინფექციონისტი, თენგიზ ცერცვაძე ვაქცინაციის ტემპების დაჩქარებას და წლის ბოლოსთვის ცხოვრების ნორმალურ რეჟიმში დაბრუნებას პროგნოზირებს.