ქვეყნის წამყვანი ეპიდემიოლოგები კოლეგებს ვაქცინაციისკენ მოუწოდებენ და ხაზს უსვამენ, რომ შეზღუდვების მოხსნისა და კორონავირუსის ახალი, ბევრად საშიში შტამების გავრცელების ფონზე, აცრა პანდემიის დასრულების ერთადერთი გზაა. აცრა ნებაყოფლობითია.
მიუხედავად ქვეყანაში დაფიქსირებული გარდაცვალების შემთხვევისა, სპეციალისტები განმარტავენ, რომ მსგავსი უკუჩვენება, იშვიათ შემთხვევებში, ნებისმიერ ვაქცინას თუ მედიკამენტს შეიძლება ჰქონდეს და ამისგან დაზღვეული არავინ არის.
ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი განმარტავს, რომ ქვეყანაში უახლოეს პერიოდში უწყვეტად შემოვა შეთანხმებული ვაქცინების დოზები და მთავარი მისი სრულად გამოყენებაა. თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ბოლო ორ დღეში იმუნიზაციის მაჩვენებელი საგრძნობლად შემცირდა. რის გამოც ქვეყანა, შესაძლოა, მესამე ტალღის საფრთხის წინაშე დადგეს.