ვაქცინაცია საქართველოში

ვაქცინაციის პროცესი ისევ შეფერხებით მიმდინარეობს. ამ დროისთვის ქვეყანაში „ასტრაზენეკას“ მცირე რაოდენობაა დარჩენილი, რომელსაც მხოლოდ იმ პირებისთვის გამოიყენებენ, რომელთა პირველი დოზით აცრიდან, 10-12 კვირა უკვე გავიდა. რაც შეეხება პირველი დოზით ვაქცინაციას, დეფიციტის გამო, პროცესი დროებით შეჩერებულია. გეგმის მიხედვით, საქართველოს „ასტრაზენეკას“ მესამე პარტია 22 ივნისს უნდა მიეღო, თუმცა თარიღმა, მომწოდებლის მიზეზით, გადაიწია. ახლა ჯერი ჯანდაცვის სამინისტროს აუდიტის სამსახურზეა, რომელმაც შესაბამისი დასკვნა უნდა დადოს. შემოწმება უკვე ჩატარდა დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში. სწორედ მაკონტროლებელმა ორგანომ უნდა დაადგინოს, რატომ შეიქმნა მარაგებში დეფიციტი. ამასთან, აღსანიშნავია, რომ უახლოეს პერიოდში, ქვეყანა ვაქცინას რამდენიმე მწარმოებლისგან ელოდება, რასაც მასობრივი იმუნიზაცია უნდა მოჰყვეს.

მოამბე