ვაქცინაცია საქართველოში

„ფაიზერის“ ვაქცინაზე ქვეყნის მასშტაბით უკვე 157 ათასამდე ადამიანი დარეგისტრირდა. საუბარია იმ დოზებზე, რომელიც საქართველომ ამერიკის შეერთებული შტატებისგან რამდენიმე დღის წინ მიიღო. თუმცა, დღეს ცნობილი გახდა, რომ 5 750 მოქალაქეს ჯავშანი არ დაუდასტურდა. როგორც ირკვევა, მათმა ნაწილმა მესამე, ე.წ. ბუსტერულ დოზაზე სცადა დარეგისტრირება. ჯანდაცვის სამინისტროში განმარტავენ, რომ ქვეყანაში ორზე მეტი დოზა არ კეთდება და მცდელობის მიუხედავად, მესამე ინექციის მიღებას ვერავინ შეძლებს. უწყებაში აცხადებენ, რომ გაუქმებულ ჯავშნებზე არსებული ვაქცინები, მომავალი კვირიდან, სისტემას, დარჩენილ 90 ათას დოზასთან ერთად დაემატება. რეგისტრაციას მოქალაქეები ვებ-პლატფორმის გარდა, 37 სამედიცინო დაწესებულებაში, ადგილზე შეძლებენ.