ვანო ზარდიაშვილმა დეპუტატის მანდატი დატოვა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტიდან მიდის.

საკანონმდებლო ორგანოში 2016 წლის არჩევნების შემდეგ შესულმა დეპუტატმა დეპუტატის მანდატი დათმო, თუმცა პარტიაში დარჩა. კონკრეტული გვარების დასახელების გარეშე მმართველი გუნდის წევრი ამ ნაბიჯს მის წინააღმდეგ მიმდინარე ნეგატიური კამპანიით ხსნის და ხაზს უსვამს, რომ სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის გადაწყვეტილება თავად მიიღო. თუმცა ასე არ ფიქრობენ ოპონენტები. მათ შორის „ქართული ოცნებიდან“ წასული ეკა ბესელია, რომელიც ბოლო ორი წელია, ზარდიაშვილთან ღია კონფრონტაციაშია. ორი კვირის წინ კი მათ შორის კონფლიქტი ფიზიკურ დაპირისპირებამდეც მივიდა.

უკვე ყოფილ დეპუტატს ოპოზიცია და არასამთავრობო ორგანიზაციები მუდმივად ადანაშაულებდნენ მოსამართლეთა ე.წ. გავლენიან ჯგუფთან კავშირში და ხშირად ახსენებდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს პროკურატურასა და სასამართლოში გატარებულ წლებს.