ვანო მერაბიშვილის საქმეები

ვანო მერაბიშვილმა თითქმის 7-წლიანი სასჯელი, ხუთი სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე მოიხადა.

თავდაპირველად 2 წლით და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა მას აკურას ღვინის ქარხნის უკანონო ჩამორთმევის საქმეზე მიესაჯა. ამის შემდეგ, გამამტყუნებელი განაჩენი დადგა 2006 წელს მოკლული სანდრო გირგვლიანის საქმეზე. ამ საქმეში მერაბიშვილს მტკიცებულებების გადამალვას ედავებოდნენ და 3 წლიანი პატიმრობა შეეფარდა. ყოფილ პრემიერს და შინაგან საქმეთა მინისტრს სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანა 2011 წლის 26 მაისის აქციის დარბევის საქმეზეც, რომლის ფარგლებშიც მას თავისუფლება 4 წლისა და 6 თვის ვადით აღუკვეთეს. 5-წლიანი პატიმრობა მერაბიშვილს მითვისება-გაფლანგვისა და ამომრჩევლის მოსყიდვის საქმეზე შეუფარდეს. დეპუტატ ვალერი გელაშვილზე ფიზიკური ანგარიშსწორების საქმეზე კი, 6 წელი და 9 თვე მიესაჯა.

ამ ეტაპზე სასამართლო მერაბიშვილის წინააღმდეგ 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრის საქმეს განიხილავს. სასამართლო განხილვები  უკვე მესამე წელია მიმდინარეობს. 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და „იმედში“ შეჭრის საქმეზე, მერაბიშვილთან ერთად 4 ყოფილი მაღალჩინოსანია ბრალდებული სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში. როდის გამოცხადდება განაჩენი, ჯერ უცნობია. მერაბიშვილის გათავისუფლებას ის ადამიანები და მათი ოჯახის წევრებიც გამოეხმაურნენ, რომელთა საქმეებზეც ყოფილი მინისტრის ბრალეულობა დადასტურდა.

დატოვე კომენტარი