ვანო მერაბიშვილის ინტერესებს სახაზინო ადვოკატები დაიცავენ

ვანო მერაბიშვილს, მის მიერ დაქირავებული ადვოკატები – გიორგი ჩივიაშვილი და ბექა ბასილაია აღარ დაიცავენ. როგორც უფლებადამცველებმა განმარტეს, 7 ნოემბრის საქმეზე ბრალდებულმა მათი აცილება ადამიანის ევროპული სასამართლოს დიდი პალატის მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე თავად მოითხოვა.

ვანო მერაბიშვილის ინტერესებს, მომავალი პროცესიდან სახაზინო ადვოკატები დაიცავენ. ამ დრომდე მოქმედი ინტერესების დამცველების განმარტებით, მერაბიშვილი ქართულ სასამართლოს უნდობლობას უცხადებს.

გიორგი ჩივიაშვილისა და ბექა ბასიალაიას თქმით, დადასტურდა, რომ მერაბიშვილი პოლიტიკური პატიმარია. ბრალდების მხარე კი აცხადებს, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება არ არის კავშირში მერაბიშვილის ბრალდების ამ ეპიზოდთან. ჯარჯი წიკლაურის თქმით, დიდი პალატის გადაწყვეტილებაში პოლიტიკურ სარჩულზე საუბარი არ არის.