ვაკის პარკში გახსნილი შადრევანი შემზარავი ტრაგედიის ადგილად იქცა

გუშინ, ვაკის პარკში გახსნილი შადრევანი შემზარავი ტრაგედიის ადგილად იქცა.

გარდაცვლილია 13 წლის გოგონა, რომელსაც ვაკის პარკში, ახლად რეაბილიტირებულ შადრევანში დენმა დაარტყა. კლინიკებში რჩება კიდევ ორი მოზარდი, რომელთა შორის ერთ-ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა შედარებით მძიმეა. გამოძიება დაწყებულია. შადრევანი, სადაც 55-ე სკოლის სამი მოსწავლე ბურთის ჩავარდნის გამო ჩავიდა, ამ მომენტისთვის გათიშულია. ობიექტი თავისი ახლად დამონტაჟებული განათებებით გუშინ საზეიმო ვითარებაში გაიხსნა. ვაკის პარკის ისტორიული შადრევნის და მცირე კასკადის რეაბილიტაციით პარკის რესტავრაციის მეორე ეტაპი დასრულებულად გამოცხადდა. კომპანია „გრინსერვის-პლიუსის“ ხელმძღვანელობა, რომელსაც მერიამ სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარება დაუკვეთა, ამ წუთებში გამომძიებლების შეკითხვებს პასუხობს. ხელისუფლება პასუხისმგებელი პირების გამოვლენის და მკაცრი რეაგირების პირობას დებს, პოლიტიკოსების ნაწილი თბილისის მერს გადადგომისკენ მოუწოდებს.