ვაკის პარკში დაშავებული მოზარდი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება

დამაიმედებელი ინფორმაციაა „ნიუ ჰოსპიტალიდან“, სადაც დაზარალებული 13 წლის ბავშვი მკურნალობს.

მოზარდი ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან მოხსნეს, თუმცა მომდევნო 48 საათის განმავლობაში ის მაინც ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ უნდა დარჩეს. იაშვილის კლინიკაში გადაყვანილი კიდევ ერთი არასრულწლოვანი კი უკვე სახლშია.

ქვეყანა 13 წლის მარიტა მეფარიშვილს გლოვობს. ვაკის პარკის ისტორიულ შადრევანთან, სადაც გუშინ მოზარდი დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა, დილიდან მოქალაქეები სანთლებით და ყვავილებით მიდიან.

შემზარავ ტრაგედიამდე ერთი დღით ადრე გახსნილი შადრევანი წყლისგან დაცლილი და გამორთულია. ადამიანები, რომლებიც გუშინ დატრიალებულ ტრაგედიას შეესწრნენ, უმძიმეს წუთებს იხსენებენ. მათ შორისაა დასუფთავების სამსახურის თანამშრომელი დევი მეზურნიშვილი, რომელმაც სერიოზული რისკების მიუხედავად, სამი ბავშვი წყლიდან ამოიყვანა.