ვაკის პარკის საქმე

ურთიერთგამომრიცხავი ვერსიები ვაკის პარკის ტრაგედიის საქმეზე.

აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდებას ცხრიდან არც ერთი ბრალდებული არ ეთანხმება და თავს ყველა უდანაშაულოდ მიიჩნევს. შადრევნის რეაბილიტაციის პროცესში ჩართული რგოლების მხრიდან ისმის ურთიერთბრალდებებიც. მათ შორისაა სარეაბილიტაციო სამუშაოების შემსრულებელი კომპანია „გრინსერვისპლიუსის“ ხელმძღვანელობა, რომლის ადვოკატი ხელს მერიის გარემოს დაცვის სამსახურისკენ იშვერს და აინტერესებს, რატომ არ მოითხოვა მერიამ რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ წყლის მილებზე ჩატარებული იმ დამატებითი სამუშაოების ინსპექტირება, რა დროსაც, გამოძიების ვერსიით, დენის სადენი დაზიანდა. კითხვები არ იხსნება ძიების მიერ გაყალბებულად გამოცხადებული ექსპერტიზის დასკვნის გარშემოც. ჩანაწერს, რომლის მიხედვით შადრევანზე შესრულებული სამუშაოები სამშენებლო ნორმებს აკმაყოფილებდა, მერია და დასკვნის გამცემი საექსპერტო კომპანია სხვადასხვანაირად კითხულობენ.