ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, ბრალდებულების ნაწილი აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის გადაწყვეტილებას, სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ. გასაჩივრება უკვე გადაწყვეტილი აქვს მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილეს, ასევე ინსპექტირების კომპანია „მშენექსპერტის“ თანამშრომლების ადვოკატებს. სხვა ბრალდებულებს გასაჩივრებასთან დაკავშირებით, ჯერ ჩამოყალიბებული პოზიცია არ აქვთ. ადვოკატები თვლიან, რომ დაპატიმრების საფუძვლები არ არსებობდა. შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ, ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით დაკავებულ ცხრავე პირს, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. საქმეზე წინასასამართლო სხდომა 8 დეკემბერს გაიმართება. სამსახურებრივი გულგრილობის, საწარმოში ჩადენილი გულგრილობის, სამუშაო წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევის, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადების, დამზადებაში წაქეზების, გამოყენებისა და გასაღების ფაქტებზე, ბრალი ცხრა პირს აქვს წარდგენილი.