ვაკის პარკის საქმე - ადვოკატების განცხადება

ვაკის პარკის შადრევანში 13 ოქტომბერს მომხდარი ტრაგედიის საქმეზე დაკავებული პირების ადვოკატები გამოძიების არასრულყოფილად ჩატარებასა და ფაქტების შესაძლო დამალვაზე საუბრობენ. მას შემდეგ, რაც გამოძიებამ განაცხადა, რომ დაკავებულებს ბრალი დაუმძიმდათ, ადვოკატებმა საკუთარი მტკიცებულებები წარმოადგინეს. უფლებადამცველები ამბობენ, რომ არის გარკვეული ხარვეზები, მათ შორის საქმეზე არ ჩატარებულა ტექნიკური ექსპერტიზა, რაც ეჭვის საფუძველს ბადებს. ადვოკატების თქმით, ბრალდებას არ დაუსვამს კითხვები შადრევანში ელექტროსადენის დაზიანების ხანდაზმულობასთან დაკავშირებით და ასევე ტრაგედიის წინა დღეს, 12 ოქტომბრის საღამოს კონკრეტულ პერიოდში ვიდეოკამერების ჩანაწერები ჩამწერ მოწყობილობებში გაურკვეველი მიზეზებით არ აღმოჩნდა. შეგახსენებთ, რომ რეზონანსული საქმის ოთხ ფიგურანტს, პროკურატურამ ბრალი 17 თებერვალს დაუმძიმა. მათ შორისაა შადრევნის რეაბილიტაციაზე მომუშავე კომპანია „გრინსერვისის“ დირექტორი ლაშა ფურცხვანიძე, რომელსაც უხარისხოდ ჩატარებულ სამუშაოებში ადანაშაულებენ. ბრალდება დაუმძიმეს „მშენექსპერტის“ დირექტორს და ექსპერტსაც, რომლებსაც გამოძიება ყალბი საექსპერტო დასკვნის გაცემას ედავება.