ვაკის პარკის საქმე

მარიტა მეფარიშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულებს პროკურატურამ ბრალი დაუმძიმა. საუბარია „გრინსერვისი +“-ის დირექტორსა და ამავე კომპანიის თანამშრომლებზე. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 2021 წლის 22 ოქტომბერს, მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურსა და „გრინსერვისი +“-ს შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება, თბილისში, ვაკის პარკის ტერიტორიაზე არსებული შადრევნების და კასკადის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე. სამუშაოების მიმდინარეობისას, მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურში, „გრინსერვის+“-ის დირექტორმა ყალბი დოკუმენტები წარადგინა კერძოდ, პროექტის ცვლილებები, რომლებზეც დასმული იყო ერთ-ერთი საპროექტო კომპანიის ბეჭედი და ხელმოწერები. მიუხედავად იმისა, რომ შადრევანზე სარეაბილიტაციო სამუშაოები შესრულებული იყო უხარისხოდ, რაც არ შეესაბამებოდა ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოების მოთხოვნებს, 25 აგვისტოს, „მშენ-ექსპერტი“-ის ზემოხსენებულმა თანამშრომლებმა შეადგინეს ყალბი ოფიციალური დოკუმენტი, კერძოდ, ინსპექტირების შუალედური ანგარიში, რომლის დასკვნით ნაწილში ასევე დააფიქსირეს, რომ შესრულებული სამუშაოები შესაბამისობაში იყო საქართველოში მოქმედ სამშენებლო ნორმებთან და წესებთან. აღნიშნული ყალბი დასკვნა ,,გრინსერვის+“-ის დირექტორმა, მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურში მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების მიზნით წარადგინა.