ვაკის პარკის საქმე

ვაკის პარკის რეზონანსული საქმის ფიგურანტები სასამართლოს წინაშე წარდგნენ.

პროკურატურა წინასასამართლო სხდომის თარიღის გადაწევას ითხოვს იმ არგუმენტით, რომ დამატებითი საინჟინრო და სამშენებლო ექსპერტიზის დასკვნაა მოსამზადებელი. შუამდგომლობა დაკმაყოფილდა. პროცესზე აღკვეთის ღონისძიებაზეც იმსჯელეს. ცხრავე ბრალდებული წინასწარ პატიმრობაში დატოვეს. დაკავებულთა ნაწილი თავს უდანაშაულოდ აცხადებს და ბრალდების დამადასტურებელი მტკიცებულებების არარსებობაზე მიუთითებს. მათ შორისაა კომპანია „მშენექსპერტის“ წარმომადგენელი, რომელსაც შადრევანზე ჩატარებული სარეაბილიტაციო სამუშაოების ექსპერტიზის დასკვნის გაყალბებას ედავებიან. დაკავებულების ნაწილის უდანაშაულობაზე ისაუბრა სარეაბილიტაციო სამუშაოების შემსრულებელი კომპანიის ხელმძღვანელმა, ლაშა ფურცხვანიძემაც.