ვაკის პარკის საქმე

„მოამბისთვის“ ხელმისაწვდომი ხდება წინასწარი დასკვნა, რომელიც ვაკის პარკის შადრევანში მომხდარ ტრაგედიაზე სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ მოამზადა.

საუბარია პირველ დღეებში ჩატარებულ საექსპერტო და მოკვლევით სამუშაოებზე. დასკვნაში ნათქვამია, რომ წყალში დენის გაჟონვა ერთ-ერთი ელექტროსადენის დაზიანებამ გამოიწვია, რაც პრინციპში გამოძიების ვერსიას იმეორებს. თუმცა, მითითებულია კიდევ ერთი გარემოება: ექსპერტიზის წინასწარი დასკვნის მიხედვით, შადრევანში ლითონის ცხაურები დამიწებული არ იყო, დამიწების შემთხვევაში კი დენი წყალზე რომ გადასულიყო, ელექტროენერგიის ავტომატური გათიშვა მოხდებოდა. დასკვნაში ასევე საუბარია, რომ სადენების ნაწილი შადრევანში ყოველგვარი დამცავი გარსის გარეშე ღიად იყო განთავსებული. საბოლოო დასკვნა, სავარაუდოდ, მიმდინარე თვეს იქნება მზად.