ცნობილი დირიჟორი და კომპოზიტორი ვახტანგ მაჭავარიანი დღეს დიდუბის პანთეონში, მშობლების გვერდით დაკრძალეს. დილიდან კი სამოქალაქო პანაშვიდი თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში მიმდინარეობდა.
ვახტანგ მაჭავარიანი 74 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის 1984-1990 წლებში თანამშრომლობდა სანკტ-პეტერბურგის მარინის თეატრთან და იყო ბალეტ „ვეფხისტყაოსნის“ დამდგმელი დირიჟორი. ამავე პერიოდში თანამშრომლობდა მოსკოვის დიდ თეატრთან და ევროპის საოპერო დასებთან. 1996 წლიდან იყო ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრის მთავარი დირიჟორი. 2018 წლიდან იყო ლიანა ისაკაძის მიერ დაფუძნებული ფესტივალის, „ღამის სერენადების“ მთავარი დირიჟორი. მის რეპერტუარშია ქართული და უცხოური სიმფონიური მუსიკა. ეკუთვნის არაერთი თხზულება: სიმფონიური პოემა „ნაცარქექია“, ათი სონეტი შექსპირის მიხედვით, კონცერტი ვიოლინოს, ფორტეპიანოს, სიმებიანი ორკესტრისა და დასარტყამი ინსტრუმენტებისთვის, „მარში“ საქართველოს შეიარაღებული ძალების ორკესტრისთვის, სიმფონიური სურათი „მარიუპოლი“, რომელიც მიუძღვნა 2022 წელს უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს. იყო თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრის მოწვეული დირიჟორი. 2011 წელს მიღებული აქვს ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი.