ვახტანგ გომელაურის მოსმენა პარლამენტში - პოლიტიკური დებატები

შინაგან საქმეთა მინისტრი პარლამენტშია.

სიტყვით გამოსვლის შემდეგ ინტერპელაციის წესით დაბარებულ ვახტანგ გომელაურთან ხმაურიანი პოლიტიკური დებატები მიმდინარეობს. დეპუტატებს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირებაც მოხდა. მთავარი კითხვა 7-8 მარტის მოვლენებს და პოლიციის მიერ გამოყენებულ სპეციალურ საშუალებებს ეხება. გადაამეტეს თუ არა „ხალხის ძალის“ მიერ უცხოელი აგენტების შესახებ მომზადებული კანონპროექტების გასაპროტესტებლად ორი თვის წინ საკანონმდებლო ორგანოს წინ გამართული აქციების დროს სამართალდამცავებმა უფლებამოსილებას. გომელაური არაპროპორციული ძალის გამოყენებას უარყოფს და ოპონენტებს მიუთითებს, რომ საპროტესტო გამოსვლები რამდენჯერმე გასცდა მშვიდობიანი შეკრების ფარგლებს და ძალადობრივ ქმედებებში გადაიზარდა. დასახელდა კონკრეტული ფაქტები და დაშავებულ პოლიციელთა სტატისტიკაც. მინისტრის ინფორმაციით, პოლიციელებზე თავდასხმა და არამშვიდობიანი ქმედებები წინასწარ იყო ორგანიზებული. ოპოზიცია დარბაზში თითქმის სრული შემადგენლობით არის წარმოდგენილი. ოპონენტებისთვის მთავრობის წევრის მიერ დასახელებული არგუმენტები მისაღები არ არის, დარბაზში ურთიერთბრალდებები ისმის.