„ვაიმარის სამკუთხედის“ ქვეყნების დელეგაციის ვიზიტი
შეცვლის თუ არა გერმანიის საგარეო უწყება საკუთარ ვებ-გვერდზე საქართველოს შესახებ მონაცემებს: ეს იყო ერთ-ერთი მთავარი კითხვა, რომელიც თბილისში მყოფ გერმანიის საგარეო უწყების წარმომადგენელს დაუსვეს.
გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორი ნიკლას ვაგნერი საქართველოში ვიზიტით მყოფი ,,ვაიმარის სამკუთხედის” დელეგაციის ერთ-ერთი წევრია. პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის განმარტებით, გერმანულმა მხარემ შეხვედრაზე მონაცემების არ განახლების მიზეზად ტექნიკური ხარვეზი დაასახელა, რის გამოსწორებასაც ოფიციალური თბილისი უახლოეს მომავალში ელოდება. გერმანიის საგარეო უწყების ვებ-გვერდზე საქართველოს პრეზიდენტად კვლავ სალომე ზურაბიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრად კი ილია დარჩიაშვილია მითითებული და 2024 წლის მონაცემები ამ დრომდე უცვლელად რჩება. ლევან მახაშვილთან შეხვედრის დროს „ვაიმარის ჯგუფის“ წევრებთან ერთად წევრი ქვეყნების ელჩებიც იმყოფებოდნენ. საუბრის თემა ევროკავშირთან ურთიერთობა და დიალოგის საჭიროება იყო. დელეგაცია მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმაც მიიღო. საუბარი ევროკავშირთან ურთიერთობებს შეეხო. გერმანიის, პოლონეთისა და საფრანგეთის საგარეო უწყებების წარმომადგენლები დღესვე არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ოპოზიციას საფრანგეთის ელჩის რეზიდენციაში შეხვდნენ. დახურულ კარს მიღმა ოპოზიციამ იმ ნაბიჯებზე და გადაწყვეტილებებზე ისაუბრა, რომლებიც, მათი თქმით, ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესს აფერხებს.