თავისუფლება ვაჟა გაფრინდაშვილს - აქცია ოძისთან

უკანონო პატიმრის შესახებ, დე ფაქტო რეჟიმს, საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს შეკრებილებმა სოლიდარობის აქციაზე შეახსენეს.

სოფელ ოძისთან ჩასულებმა, ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავება თეთრი ხალათებით გააპროტესტეს. კიდევ ერთხელ მოითხოვეს, გათავისუფლდეს ადამიანის გადასარჩენად ჩასული ექიმი, რომელსაც საოკუპაციო რეჟიმმა დაპატიმრებით უპასუხა.

მედიკოსის ოჯახის, კოლეგებისა და მხარდამჭერების მიმართვის ადრესატები იყვნენ ოსი ექიმებიც. სპეციალურად მომზადებული წარწერები ქართულ და ოსურ ენებზე იკითხებოდა.

თეთრი ბუშტები და ექიმის ხალათი, შეკრებილებმა ცაში სიმბოლურად გაუშვეს. მოგვიანებით კი სოფელ ოძისსა და ოკუპირებულ ახალგორთან დამაკავშირებელ გზაზე, ცოცხალი ჯაჭვიც შეკრეს.