ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების მოთხოვნა

ბრიუსელისთვის აქტუალურია ქართველი ექიმის უკანონო ტყვეობის საკითხიც.

ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავების ფაქტი დავით ზალკალიანმა დღეს ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილესთან განიხილა. მედიკოსის უკანონო პატიმრობის შესახებ ამ დროისთვის საქართველოს ყველა საერთაშორისო პარტნიორი ინფორმირებულია. მათ შორის არიან ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეები, რომლებსაც ოფიციალური თბილისი ექიმის სასწრაფოდ გასათავისუფლებლად ყველა ინსტრუმენტის გამოყენებას სთხოვს. ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავების გამო მოლაპარაკებების გართულებას ელოდება ზურა აბაშიძე, რომელიც 28 ნოემბერს პრაღაში, აბაშიძე-კარასინის შეხვედრის ფორმატში გრიგორი კარასინს უნდა შეხვდეს.

ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები პაციენტის დასახმარებლად მიმავალი ცნობილი ტრავმატოლოგი საოკუპაციო ძალებმა 9 ნოემბერს ე.წ. საზღვრის უკანონოდ კვეთის ბრალდებით დააკავეს. ცხინვალის ციხეში მყოფ ვაჟა გაფრინდაშვილს ორთვიანი პატიმრობა აქვს შეფარდებული.