ვაჟა გაფრინდაშვილი კვლავ ოკუპანტების ტყვეობაში რჩება

უკანონო პატიმრობის მე-15 დღე – ვაჟა გაფრინდაშვილი კვლავ ოკუპანტების ტყვეობაში რჩება. წითელი ჯვრის წარმომადგენლები ექიმთან არც დღეს შეუშვეს. ორგანიზაცია მომავალ კვირაში კიდევ ერთხელ შეეცდება, პირადად ნახოს ოკუპირებული ცხინვალის იზოლატორში მყოფი ვაჟა გაფრინდაშვილი.

ექიმის დაკავებისა და ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული მდგომარეობის შესახებ „ამნესტი ინტერნეიშენალი განცხადებას ავრცელებს. მსგავსი ქმედებები თვითნებურია და ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-5 მუხლს. ამ გარემოებაში ორივემ – რუსეთმა და დე ფაქტო ხელმძღვანელობამ, უნდა უზრუნველყონ, რომ ვაჟა გაფრინდაშვილი დაუყონებლივ გათავისუფლდეს. ადამიანის უფლებათა დამცველი საერთაშორისო ორგანიზაცია წერს, რომ ცხინვალის რეგიონის სეპარატისტულ ტერიტორიასა და დანარჩენ საქართველოს შორის გადაადგილების სრული აკრძალვა, ადგილობრივი მოსახლეობის უფლებებს უხეშად არღვევს და ჰუმანიტარულ მდგომარეობას კიდევ უფრო აუარესებს.

ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავებას გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტიც. სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, საყოველთაო ძალისხმევა ღირსეული ექიმის, გათავისუფლებისკენ უნდა იყოს მიმართული.